ჰედაიათის მარტოობა ("ბრმა ბუ" - სადეყ ჰედაიათი)

ჰედაიათის მარტოობა ("ბრმა ბუ" - სადეყ ჰედაიათი)

ვინც ჩემსავით ხშირად კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას  დამეთანხმება, ალბათ, რომ ინგლისურენოვანი, ფრანგულენოვანი, გერმანულენოვანი, ან ესპანურენოვანი წიგნების კითხვა რაღაც მომენტში, მოსაწყენი ხდება და გინდა ახალი ხმის, ახალი ადამიანის მოსმენა, ან აღმოჩენა. განა ლიტერატურის მთავარი პლიუსი ეს არ არის, რომ შენ შეგიძლია მოისმინო ყველა ადამიანის ხმა? ეს პერიოდი მედგა, როცა გავიგე რომ გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემდა სადეყ ჰედაიეთის, „ბრმა ბუს“. ეგრევე დავინტერესდი. მოვიძიეს მასზე დაწერილი ან გამოცემული შეფასებები თუ კრიტიკა, მოვუსმინე შესანიშნავ პოდკასტს სალომე ასათიანისა, ბოლოს მივწერე ჩემს ერთ ირანისტ მეგობარს, რომელმაც დაუფიქრებლად მირჩია მეყიდა ეს წიგნი. მეც, როცა საშუალება მომეცა ვიყიდე ეს წიგნი. უკვე ვიცოდი რომ დიდი და კარგი წიგნი მეჭირა ხელში. და დავიწყე კითხვა, კითხვა რომელსაც ვერ მოვწყდი, ვერც ფიზიკურად და ვერც გონებრივად. მივყვებოდი და მივყვებოდი მწერლის ნააზრევს, რომელიც სულ უფრო და უფრო მაკვირვებდა, როცა ბოლო გვერდიც წავიკითხე და წიგნიც დავხურე ჩემთვის ვთქვი: „ღმერთო, ეს რა წავიკითხე!“    
 მაინც რა არის ის მაგია რითაც ჰედაიეთი გაჯაჭვებს თავის ნაწარმოებს? ან საერთოდ რაზე წერს ის? ჩემი აზრით, ორი ფაქტორი რატომაც ამ წიგნს ვერ მოწყდებით არის ის რომ, ის წერს, ალბათ, ადამიანისთვის ყველაზე მთავარზე, მარტოობაზე და წერს წარმოუდგენლად გუწრფელად, შეულამაზებლად. ჩვენ ხელით ვეხებით მის ტვინს, მის გულს, რაც ადამიანს პულსირებას უჩქარებს და აჯაჭვებს მეორე ადამიანზე. განა მაგიტომ არ ითხოვენ შეყვარებულები ერთმანეთის გულებს რომ სულ ერთმანეთზე იყვნენ მიჯაჭვულები? ჰედაიეთი გვაჯაჭვებს წინა საუკუნიდან, კაცი რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წინა საუკუნეში ახერხებს ჩვენ, ამ წუთში მცხოვრებნი მივეჯაჭვოთ მას. განა ეს შესანიშნავი და გასაოცარი რამე არ არის? მაგრამ ეს შეუძლიათ მხოლოდ რჩეულ ავტორებს, დიად ავტორებს.
რაც შეეხება მეორე მაგიას, ავტორმა ბრწყინვალედ დაინახა თუ რა არის ადამიანისთვის მთავარი და გენიალურად აღწერა ის. ეს არის მარტოობა, ოღონდ არა ფიზიკური მარტოობა არამედ, ეგზისტენციალური, სულიერი მარტოობა. ნაწარმოების მთავარი გმირი სწორედ რომ სულიერად მარტოა, მიუხედავად იმისა რომ მას ყავს ცოლი, გადია გარეთაც გადის ხოლმე, იშვიათად, მაგრამ მაინც გადის, მაგრამ იმდენად მარტოა რომ საკუთარი იდეალური ქალი გამოიგონა და შეუყვარდა, თუმცა შემდეგ, ნებსით თუ უნებლიედ დედამისისვე დატოვებული გველის შხამით კლავს მას, შემდედ, იმის შიშით რომ არავინ გაუგოს თუ როგორ კლავს გამოგონილ არსებას ანაწევრებს, ჩემოდანში ალაგებს და მარხავს, ასევე გამოგონილ ადგილას. ეს არ არის პერსონაჟის ბოლო მკვლელობა, ის კლავს საკუთარ ცოლს, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა და რომელსაც არც თუ დამსახურებულად „ბოზს“ ეძახის. მკვლელობა საკმაოდ ინტიმურ დროს, სექსის დროს ხდება, მთავარი პერსონაჟი შემთხვევით, მაშინ როცა ხელები უნდა მოხვიოს ცოლს და ნანატრი სექსით დაკავდეს მასთან, დანა გაეყრება. რა აკავშირებს ამ ორ მკვლელობას? თითქოს არაფერი, ერთი გამოგონილი მკვლელობაა, მეორე კი ნამდვილი, მაგრამ საერთო აქვთ მოტივი. ორივე შემთხვევაში ნარატორს მოუწევდა საკუთარი სულის დათმობა, რაც, როგორც ჩანს მისი ქვეცნობიერისთვის მიუღებელი იყო. პირველ შემთხვევაში, თუ ის გააგრძელებდა საკუთარ გამოგონილ არსებასთან ურთიერთობას იგი თავის თავზე კონტროლს დაკარგავდა, რაც მარტოობის მოყვარული ადამიანისთვის წარმოუდგენელი რამეა, მეორე შემთხვევაში თუ ის საკუთარი ნებით, პირველად დაკავდებოდა თავის ცოლთან სექსუალური აქტით, მას მოუწევდა სულის დათმობა, რადგან სრულყოფილი სექსუალური აქტი გულისხმობს სულის გაყოფას სხვასთან, რაც ასევე მიუღებელი აღმოჩნდა მთავარი გმირისთვის, ასე რომ ამ ორ მკვლელობას შორის მარტოობა ის მოტივი რაც საერთო ხიდს დებს.
რატომ? რატომ არის ჰედაიეთისთვის მარტოობა მთავარი სალაპარაკო თემა და ის თემა რაზეც მან დაწერა ბრწყინვალე ნაწარმოები? სულიერი მარტოობა არის ის ერთ-ერთი, თუ არ ერთადერთი, მდგომარეობა რა დროსაც საკუთარ თავს უღრმავდები, საკუთარ თავს კითხვებს უსვამ, ვინ ხარ? სად მიდიხარ? რა გინდა ამ ცხოვრებაში? რისთვის ცხოვრობ? რა არის შენი მიზანი? და სხვა უამრავი კითხვა. განა ჰედაიათამდე არ თქვა სოკრატემ „შეიცან თავი შენი!“, ასევე საკუთარი თავის შეცნობა უდევს საფუძვლად  იოგას. საკუთარი თავის შეცნობა ვერ მოხდება თუ კითხვები არ დაუსვი შენს თავს, თუ არ გაიაზრე შენი ქემდებები და ანალიზი არ გაუკეთე მათ. ამ ყველაფრისთვის კი ეგზისტენციური მარტოობა აუცილებელია, სხვანაირად, მასების დახმარებით, ვერაფერსაც ვერ გაიგებ და შეიცნობ, მასების დახმარებით გახდები მასის წევრი, რადგან მასას თავის წესი და კანონი აქვს და იმას მოგახვევს თავს, ამიტომაა აუცილებელი თუნდაც ხანდახან მარტოობა და ფიქრი. შეიძლება ზოგიერთმა თქვას: „კი მაგრამ რა აუცილებელია ეს მარტოობა და საკუთარი თავის შეცნობა?“  როცა საკუთარ თავს შევიცნობთ ჩვენ ვხდებით ჩვენივე თავის უფალნი, ანუ, ავდივართ ღმერთამდე, სწორედ ამიტომ თქვა იესო ქრისტემ: „თითოეული თქვენგანი ღმერთის ხატად არის გაჩენილი, თითოეულ თქვენგანში მისი თესლი დევს“. მარტოობა იმითაც არის მაგარი რომ შენ ძალაუნებურად იწყებ ფიქრს ბევრ საკითხზე, გიყალიბდება შენი აზრი და ხდები არა მასის წევრი, არამედ ინდივიდი. ჰედაიეთის ეს წიგნიც გიბიძგებს მარტოობისკენ და ინდივიდად ჩამოყალიბებისკენ, ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი რომ ჯერ შაჰის ირანმა აკრძალა ეს ტექსტი, ხოლო შემდეგ ისლამისტური რევოლუციის ისე დაამახინჯეს „ბრმა ბუ“ რომ წაკითხვადაც აღარ ღირს.
 რაც შეეხება სათაურს, რატომ ბრმა ბუ? ეს თავად არის სიმბოლო მარტოობის და ინდივიდუალობის, რადგან ბუ ერთ-ერთია იმ თბილსისხლიან ცხოველებს შორის რომელიც არაჩვეულებრივი მხედველობით გამოირჩევა, მას შეუძლია ღამე ბალახებში მოძრავი თაგვიც კი დაინახოს და უზუსტესად დაესხას თავს. ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ბუსთან რომელიც არის ბრმა, ანუ რომელიც გარიყულია თავიანთი მსგავსი არსებებისგან და არის მარტო და ინდივიდია, ყველასგან გამორჩეულია. კიდევ ერთი რამ რაც ბრმა ბუს განასხვავებს სხვა ბუებისგან არის ის რომ, მართალია, ის გარეთ ვერ იყურება მაგრამ, იგი ზუსტად ისევე კარგად იყურება საკუთარ სულში როგორც სხვა ბუები გარეთ. თქვენ რომელი გირჩევნიათ, იყოთ სულიერად ბრმა და გქონდეთ კარგი მხედველობა თუ არ გქონდეთ კარგი მხედველობა და იყოთ სულიერად თვალხილული - ეს თქვენი გადასაწყვეტია!

 

ავტორი : ლექსო ლომიძე

ავტორის ბლოგის ბმული : https://didimarkvitori.wordpress.com/