რა წავიკითხოთ სახლში? ჩვენი რჩეული წიგნები და მათ მიხედვით გადაღებული ფილმები

რა წავიკითხოთ სახლში? ჩვენი რჩეული წიგნები და მათ მიხედვით გადაღებული ფილმები

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის გვიწევს სახლში დავრჩეთ და ჩვეულ რუტინას თავი ავარიდოთ.მოწყენილობისა და ერთფეროვანი ყოველდღიური ცხოვრებისაგან თავის დასაღწევად სხვადასხვა საშუალებას მივმართავთ, მათ შორის ვადგენთ წიგნებისა თუ ფილმების ვრცელ სიას. იმისათვის, რომ ეს საქმე გაგიმარტივოთ გთავაზობთ წიგნებს ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერესის მქონდე ადამიანებისათვის, საკმაოდ საინტერესო ეკრანიზაციებთან ერთად.

 

1) იენ მაკიუენი - "მონანიება"

...„პირვანდელი ჩვენების ისევ და ისევ გამეორება აძლევდა ბრაიონის საშუალებას, შეცდომის ბუნდოვანი შეგრძნებისაგან გათავისუფლებულიყო და იმ ზიანის სიდიადეზე არ ეფიქრა, რასაც სხვას აყენებდა“.
21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს. ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის - სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.
ბუკერისა და სხვა მრავალი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი იენ მაკიუენი თოთხმეტი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორია. „მონანიება“ საყოველთაოდ მიჩნეულია მაკიუენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.

 

 

2) ჯონ ბოინი - "ბიჭი ზოლიან პიჟამაში"

"ბიჭი ზოლიან პიჟამაში"-  ჯონ ბოინის საოცრად პოპულარული წიგნია, რომლის მიხედვითაც ასევე არანაკლებ პოპულარული ფილმია გადაღებული. ეს არის სულისშემძვრელი, სუნთქვისშემკვრელი და ძალიან მძიმე ისტორია ორი პატარა ბიჭის მეგობრობაზე. თითქოს, რა სიმძიმე უნდა ახლდეს ცხრა წლის ბიჭების მეგობრობას?! ცხრა წლის ბიჭებს ხომ მხოლოდ ის საზრუნავი აქვთ, სად დაიმალონ, სად ააგონ ქოხი, რომელი მწერი დაიჭირონ, როგორ მოირჩინონ გადატყავებული მუხლები... საქმე იმაშია, რომ ამ ბიჭებიდან ერთი გერმანელია, მეორე ებრაელი, გაგანია მეორე მსოფლიო ომია, ისინი კი, ერთმანეთს, არც მეტი, არც ნაკლები, აუშვიცში შეხვდებიან. ბრუნოს მამას საკონცენტრაციო ბანაკის უფროსად ნიშნავენ და ბიჭი საცხოვრებლად იქ გადადის. უსაშველო მოწყენილობის წამალიც მალე გამოჩნდება - აღმოაჩენს, რომ მის სახლთან სულ ახლოს უცნაური ადგილია, სადაც გამხდარ ადამიანებს ზოლიანი პიჟამები აცვიათ. მალე იმ ადამიანებში თავისხელა ბიჭს , შმუელს, გაიცნობს და დიდი და უცნაური მეგობრობაც იწყება. მეორე მსოფლიო ომის დროს დატრიალებულ საშინელებაზე უამრავი წიგნია დაწერილი, მაგრამ ჯონ ბოინის წიგნი ყველა მათგანისგან განსხვავდება. უდიდესი ტრაგედია აქ მთლიანად ბავშვის თვალითაა დანახული, ბავშვის, რომელიც ბოლომდე ვერც აცნობიერებს, რა ხდება. წიგნის კითხვისას მკითხველს საშინელების განცდა არ ტოვებს, მიხედავად იმისა, რომ ვერც ერთ გვერდზე ვერ შეხვდებით ომის სისხლიან სცენებსა და საკონცენტრაციო ბანაკების სისასტიკეს, ყველაფერი მინიშნებით, თითქოს, გარკვეული ინფანტილურობითაა აღწერილი. მიუხედავად ასეთი სიფრთხილისა, ბევრ დოკუმენტურ და სასტიკ წიგნზე უკეთ ჩანს იმ დროს დატრიალებული მთელი საშინელება და ტრაგედია. ეს წიგნი, თავისი შემაძრწუნებელი დასასრულით , შემოლაწუნებას ჰგავს - ზოგჯერ სახეში გარტყმაც საჭიროა, რომ ასეთი რაღაც აღარასდროს განმეორდეს. და მიუხედავად თემატიკისა, ეს წიგნი არა ომსა და ბოროტებაზე, არამედ მშვიდობასა და სიკეთეზეა, სევდიანი, მაგრამ ძალიან იმედიანი დასასრულით.

 

3)  კაზუო იშიგურო - "არასოდეს გამიშვა"

ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებ. ისტორია - სადაც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია. ისინი კლონები არიან, სამომავლოდ კი დონორები უნდა გახდნენ. უამრავი ტკივილი, იმედგაცრუება... წლების შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ქეითი უკვე ახალგაზრდა ქალია, როდესაც რუთი და ტომი კვლავ ჩნდებიან მის ცხოვრებაში. და პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ჩნდება იმედიც. ქეითი იხსენებს მათ საერთო წარსულს. ის ხვდება, თუ რა აქცევს მათ განსაკუთრებულად და რა გავლენა აქვს ბედის ამ "საჩუქარს" მათ მომავალ ცხოვრებაზე.

 

4) ჰერმან კოხი - "ვახშამი"

 

"ორი ძმა, პაულ და სერჟ ლომანები, ცოლებთან ერთად ამსტერდამის ფეშენებელურ რესტორანში სავახშმოდ ხვდება ერთმანეთს. პაულ ლომანი ისტორიის ყოფილი მასწავლებელია, მისი ძმა სერჟი - მომავალი პრემიერ-მინისტრი. ბანალურ თემებზე საუბარი თანდათან დრამად იქცევა და ერთიმეორის მიყოლებით ამოტივტივდება საშინელი ოჯახური საიდუმლოებანი. რაც მთავარია, ირკვევა, რომ ორივე წყვილის შვილებს სასტიკი დანაშაული ჩაუდენიათ - მათ უსახლკარო, მაწანწალა ქალი მოკლეს. 
სად არის გამოსავალი?
ლომანები უდიდესი მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდებიან. ახლა მათ უნდა გადაწყვიტონ, მართლმსაჯულებას გადასცენ შვილები თუ ყველა ხერხით დაფარონ დანაშაული, რათა პატიოსანი მოქალაქეების სახელიც შეინარჩუნონ, შვილების რეპუტაციაც და ბედნიერებაც, რომელიც, მართალია, შორს იქნება ნამდვილი ბედნიერებისგან, მაგრამ მაინც ბედნიერება ერქმევა. 
"ვახშამი" არის რომანი, რომლის ყველა გმირი, იმავდროულად, ანტიგმირია და ყველა ანტიგმირი ცოტათი მაინც გმირი. 
კვირები გავა, თქვენ კი ამ წიგნზე ისევ ისაუბრებთ."

The Independent

 

"ვახშამი" მახვილგონივრული და უაღრესად სერიოზული წიგნია... მთხრობელის პირით კოხი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ამასხარავებს მორალურ არჩევანს, მკითხველს კი იძულებულს ხდის განზე გადგეს და დაფიქრდეს, თავად რას მოიმოქმედებდა, მსგავსი დილემის წინაშე რომ აღმოჩენილიყო."

ქეით ბლანშეტი, მსახიობი 

 

5) ლიან მორიარტის - "დიდი პატარა ტყუილები"

ახალგაზრდა ჯეინი შვილთან, ზიგისთან, ერთად საცხოვრებლად გადმოდის ამ ნახევარკუნძულზე. ცდილობს, დაივიწყოს მოვლენა, რომელმაც მთელ მის ცხოვრებას დაღი დაასვა; დაუმეგობრდება ასაკით უფროს, ბრჭყვიალა, ლამაზ და მდიდარ ქალებს, თუმცა გაიჩენს მტრებსაც და უწევს ბრძოლა შვილის დასაცავად.

სელესტი და პერი თითით საჩვენებელი წყვილია. მათი ცხოვრება ზღაპრულ სამყაროს წააგავს, რომელზეც ყველა ოცნებობს. მაგრამ ოჯახურ იდილიასაც აქვს თავისი საფასური. და რას ითხოვენ სელესტისგან სანაცვლოდ? ღირს კი ამად ეს ფუფუნება?!

„დიდი პატარა ტყუილები“ იმ სიმართლის საბადოა, რომელსაც თვალს ვერ ან არ ვუსწორებთ. ეს არის ამბავი ქალებზე, რომელთა ცხოვრებასაც განსაზღვრავს ტრაგედია... ეს არის ამბავი ცოლებზე, ყოფილ ქმრებზე, ძალადობის უწყვეტ ციკლზე, სკოლის კედლებს მიღმა დაბუდებულ ინტრიგებსა და სკანდალებზე. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ამბავი იმპატარა, საშიშ ტყუილებზე, რომლებითაც საკუთარ თავებს ვკვებავთ; თან გვგონია, რომ თუ გავუძლებთ, პრობლემა თავისით მოგვარდება.

 

 

6) ნიკოლას სპარქსი - „ჩემი საუკეთესო ნაწილი“

ამანდა კოლიერსა და დოუსონ ქოულს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. ქალ-ვაჟი სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდა და მათი სიყვარული პატარა დაბა ორიენტალის ტრადიციებისთვის ნამდვილი გამოწვევა გახდა. სწორედ ამან დააშორა წყვილი.. და აი, 25 წლის შემდეგ, ამანდა და დოუსონი ორიენტალში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უფროსი მეგობრის, ტაკ ჰოსტეტლერის, დაკრძალვას დასწრებოდნენ. ვერც ერთმა ვერ შეძლო ისეთი ცხოვრების აწყობა, როგორზეც ოცნებობდნენ.. პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელი აღმოჩნდა...

 


 

P.S. ყველა ამ წიგნის შეძენა www.readersland.ge - ზე შეგიძლიათ დიდი ფასდაკლებით