sHEROes - აგვისტოს ომში მონაწილები ქალები

sHEROes - აგვისტოს ომში მონაწილები ქალები

იშვიათია, როცა წიგნზე წერა მიჭირს, ან მისი წაკითხვაც, რამდენად მძიმე რეალობასაც არ უნდა აღწერდეს იგი, თუმცა სალომე ბენიძის  და დინა ოგანოვას ნამუშევარმა საქმე ერთიორად გამირთულა. დარჩენილ ფურცელსაც ვამთავრებ და ცრემლით დასველებულ გვერდებს აღელვებული შევყურებ.

იმ ტრაგიკული დღეებიდან ზუსტად 13 წელი გავიდა. დღიდან, რომელმაც 400 დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და 20000-ზე მეტი დევნილი დაგვიტოვა, 22 სოფელი კი პირიქით, წაგვართვა და გაურკვეველი დროით მოაქცია მეზობელი რუსეთის კლანჭებში...

თითქოს მხოლოდ ისტორიის პატარა ჩარხი დატრიალდა, 21-ე საუკუნის ევროპაში პირველმა ბრძოლამ,რომელსაც აგვისტოს ომის სახელით ვიცნობთ, უკვე ჩვენს გონებაში დაძველება დაიწყო, თუმცა მაინც დარჩა ბევრი ისტორია, ამბავი და ის უდიდესი ტკივილი, რომელსაც ჩვენი მიწის, ჩვენი ხალხის დაკარგვა ჰქვია...

ორი მეგობრის, ფოტოგრაფისა და მწერლის, ერთობლივ წიგნში საქმე უჩვეულოდ ტრიალდება. ჩვენ არ ვეცნობით ომის ყველასთვის ნაცნობ დეტალებს, პირიქით ისეთ მხარეს ვხვდებით, სადაც იშვიათად მიგვიწვდება ხელი. ამბავს იმ ადამიანებისგან ვისმენთ, ვისაც შეიარაღებულ კონფლიტქში უშალო მონაწილეობა არ უწევთ, თუმცა მათი წვლილი შეიძლება რიგ შემთხვევაში ბევრად დიდია, ვიდრე დანარჩენის.

მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები- შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს ცხოვრება თავიდან დაეწყო, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.

წიგნს განსაკუთრებულად სწორედ ეს ფაქტი აქცევს. ქალების ენით მოყოლილი უდიდესი ტრაგედია. ყოფითი ცხოვრებისა და ომის აუტანელი დღეების თანაცხოვრების ეტაპი. უშიშარი ადამიანები, რომლებისთვისაც სახლის დატოვება უმძიმეს გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ბოლო წამამდე ებღაუჭებიან თავიანთ ეზო-კარს.

„ვოცნებობ იმაზე, რომ სამყაროში ყველაფერს მართლაც სიყვარული ამოძრავებდეს, რადგან ყველა პრობლემა, ადამიანის შინაგანი პრობლემებიც კი, უსიყვარულობითაა გამოწვეული.“

„მიუხედავად ყველაფრისა, იქაურობა რის ჩვენი და ის, რაც ჩვენია, დაკარგულად არასოდეს არ უნდა ვაღიაროთ.“

„რატომ მოხდა ეს კონფლიქტი? ოჯახის ურთიერთობაში მესამე პირი რომ ჩაერევა, ის ოჯახი ინგრევა. იგივე დაგვემართა ჩვენც.“

ოსების და ქართველების დაძაბული ისტორია მეზობელი დიქტატორის ჩარევით სტიმულირებული, მათ ხალხის, მათი შეიარაღებული ძალების ხუთ დღეში გადამხდარი ისტორიები ქართულ მიწაზე და ამ ყველაფრის ფონზე ბევრი სიყვარულით, სიძულვით, სევდითა და უეცარი სიხარულით გამოწვეული ამბები. ეს აგვისტოს ომია, ფარდა ახსნილი აგვისტოს ომი, რომელმაც უდიდესი დაღი დაასვა ქართულ თანამედროვე ისტორიას. ადგილობრივებს, რომლებსაც საკუთარი მიწა, ხალხი და სამშობლო უყვართ...

სიტყვები ვერ აღწერს იმ დაძაბული ვითარების ბურანში გახვეულ აგვისტოს რამდენიმე დღეს, რომელიც შემდგომ უკვე წლებად იქცა... მძიმე წლებად, რომლის მოშუშებასაც ახლაც ვცდილობთ, თუმცა იმ გმირმა ქალებმა, რომლებმაც ამ წიგნის საშალებით ჩვენამდე მოაღწიეს, ზუსტად შეძლეს აღეწერათ თავიანთი ამბავი და შეეხსენებინათ ჩვენთვის, რომ „ყველა პრობლემა, ადამიანის შინაგანი პრობლემებიც კი, უსიყვარულობითაა გამოწვეული“.

როგორც გითხარით თვალცრემლიანი ლუკრეციუსი წიგნს ხურავს და გემშვიდობებათ სიყვარულით სავსე გარემოს მოლოდინშილი. ბოლოს კი გიტოვებთ იმ გმირი ქალების სახელებს, რომელთა შესახებ აქამდე საერთოდაც არ გვსმენოდა და რომელთა მხრებზეც გადაიარა უდიდესმა ომმა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში...

 

ლუკრეციუს სიჭინავა.