ინტერვიუ მწერალ ლიკა წერეთელთან

ინტერვიუ მწერალ ლიკა წერეთელთან

ლიკა წერეთელი ქართველი მწერალი და გეშტალტ ფსიქოთერაპევტია, რომლის პირველი წიგნი - „ანარეკლი“ - 2021 წელს გამოქვეყნდა და მკითხველთა დიდი ინტერესიც დაიმსახურა. Readersland.ge გიზიარებთ ინტერვიუს, რომელიც ბევრს საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ წიგნისა და ავტორის შესახებ.

- გაიხსენეთ დღე, როდესაც წიგნის დაწერა გადაწყვიტეთ?

- ზუსტად მახსოვს, 2020 წ. 18 მარტი იყო, ჯერ კიდევ მომუშავე მცირერიცხოვანი დაწესებულებებიც უკვე იკეტებოდა, წინ დიდი ლოკდაუნი გველოდა. და აი, საღამოს დავაანონსე ჩემს ფბ-გვერდზე და შემდეგი დილიდან  შევუდექი დღიურების გამოქვეყნებას. საოცარია, მაგრამ არ მახსოვს, როგორ ავკრიფე ანონსის ტექსტი, თითქოს არაცნობიერად მოხდა ეს ყველაფერი...

- რა არის თქვენთვის „ანარეკლი“?

- ჰერმეტიზმის 7 კანონიდან მეორეს ანალოგიის კანონი ეწოდება, რომელიც გვეუბნება: რაც შიგნითაა, იგივეა გარეთ, რაც ქვემოთაა, იგივეა ზემოთ. ტაროს კარტში ამ კანონის გამომხატველი პირველი არკანი - ჯადოქარია. სწორედ ეს აზრი ჩავდე სათაურში - როგორც ჩვენ ვირეკლავთ სამყაროს, ისეთივეა მასში ჩვენი ანარეკლი...

- ისეთი რამ, რაც წერის პროცესში აღმოაჩინეთ

- დადასტურდა ის, რომ საქმეში სწორედ პროცესი გიტაცებს, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც უფრო ღრმად „ჩაყვინთავ“ ამ პროცესში, მით უფრო უკეთესი შედეგი დგება, თან თავისთავად, ძალდატანების გარეშე.

- შეაფასეთ თქვენი წიგნი 3 სიტყვით

- ცოტა იუმორს შემოვიტან და ასე ვიტყვი: შინაგანი წონასწორობის კარაბადინი.

- ორი რამ რაც „ანარეკლი“-ს წაკითხვის შემდეგ მკითხველს აუცილებლად დარჩება?

- სამყაროს ფერადოვნების შეგრძნება და შინაგანი საყრდენი.

- დაეხმარება „ანარეკლი“ ადამიანს საკუთარი თავის პოვნაში?

- აუცილებლად. და მაქსიმალურად შეამსუბუქებს ამ რთულ პროცესს - ძიების გზაზე მკითხველის საიმედო თანამგზავრი გახდება.

- წიგნის ის პასაჟი, რომლის დაწერაც ყველაზე მეტად გაგირთულდათ?

- თავად დღიურებშიც აღვნიშნე: „თვინიერებაზე“ თითქოს გავიჭედე, მაგრამ გადავწყვიტე, აზრის დინებას მივყოლოდი და ყველაფერი დამეწერა, რაც ამ დინებას მოჰქონდა. ამ პროცესმა გაამართლა!

- საყვარელი ავტორი?

- რამდენიმე: მიხეილ ბულგაკოვი, სომერსეტ მოემი, პაოლო კოელიო, ჰარპერ ლი. ფსიქოლოგებიდან ირვინ იალომისა და ვიქტორ ფრანკლის წიგნებს ვკითხულობ სიამოვნებით.

- ადამიანი, რომელმაც თქვენზე, როგორც მწერალზე, გავლენა იქონია?

-  სწორედ ამ მწერლებმა: ბულგაკოვმა -  კოსმიური მასშტაბით, მოემმა - სიღრმისეული ფსიქოლოგიური წვდომებით, კოელიომ - მისტიკურ-ფილოსოფიური მიმართებებით, ჰარპერ ლიმ კი - საოცარი ავთენტურობით.

- სამომავლოდ გეგმავთ ახალი წიგნის დაწერას?

- მკვეთრად გამოხატული გეგმა არ არის, თუმცა სურვილი ნამდვილად გამიჩნდა.

 

სტატიის ავტორი: ნინა კაპანაძე